
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ აჭარასთან შემოღებული გამარტივებული სავიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის
(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. “ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარი კონსულტაციებისა და შეთანხმების გარეშე იქნა მიღებული”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს რუსეთის ცალმხრივი ქმედებების გამო და იძულებულია ეს ფაქტი საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფად შეაფასოს”. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ გახოკიძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთსა და საქართველოს შორის სავიჟო რეჟიმის გაუქმებას. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდეს, და სავიზო რეჟიმის გაუქმება არ უნდა შეეხოს საქართველოს მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ კონკრეტდება, თუ რას გულისხმობს გამარტივებული სავიზო რეჟიმი. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წლის 5 დეკემბერიდან შევიდა ძალაში, მას შემდეგ რაც რუსეთი გამოვიდა 1992 წლის ბიშკეკის შეთანხმებიდან, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ვიზისგან თავისუფალ ურთიერთობებს ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი არ შემოიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რამაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია.