skip to content
ახალი ამბები

ამომრჩევლები წინასწარ რეგისტრაციას გაივლიან

(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 დეკემბერს ამომრჩეველთა ახალ სიებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციას ითვალისწინებს.

დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლები 15 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე უნდა მივიდნენ საარჩევნო უბნებში და შეავსონ სპეციალური ფორმები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ 4 იანვარს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

21 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე საარჩევნო უბნები შესწორებებს შეიტანენ ამომრჩეველთა სიებში. 27 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდგომ შესწორებებს შეიტანს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად.             

დადგენილება ასევე ითვალისწინებს იმ ამომრჩეველთა შეტანას სიებში არჩევნების დღეს, რომლებმაც ვერ გაიარეს წინასწარი რეგისტრაცია.

პარლამენტმა 5 დეკემბერს ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შეძლო ამ დადგენილების მიღება. დეპუტატთა ერთი ნაწილი ამ წინადადებას სკეპტიკურად შეხვდა. ოპონენტების განცხადებით, ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი მივა საარჩევნო უბნებში, რათა წინასწარი რეგისტრაცია გაიაროს.

“შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არ არსებობს ამომრჩეველთა ზუსტი მონაცემები, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისია მოამზადებდა ამომრჩეველთა სიებს. ამგვარ მცირე ვადებში შეუძლებელია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება”, – ნათქვამია ცსკო-ს თავჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა არაზუსტმა სიებმა ათასობით ქართველი ამომრჩევლის პროტესტი გამოიწვია. მათ ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა, რადგანაც თავიანთი გვარები სიებში ვერ იპოვეს.

Back to top button