
რუსეთი საქართველოს “ხავერდოვან რევოლუციაში” ამერიკის როლს აღიარებს
(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა რუსულ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი “ხავერდოვანი რევოლუციის” მოწყობაში დაადანაშაულა. “ჩემი აზრით, საკმარისი ფაქტები არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ რაც იმ დღეებში საქართველოში მოხდა სპონტანურ ხასიათს არ ატარებდა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. “რა თქმა უნდა, ყველაფერი წინასწარ მომზადდა და აშშ-ის ელჩიც მონაწილეობდა ამაში, რაც შევარდნაძემაც აღნიშნა”, – განაცხადა ივანოვმა. ივანოვმა ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი გაიხსენა, რომელიც თეთრმა სახლმა საქართველოში ივლისში გამოაგზავნა, რათა დაერწმუნებინა საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაეტარებინა. “მე არ გამაჩნია რაიმე ინფორმაცია ან დოკუმენტები იმის თაობაზე, თუ რა იყო მათი მისიის მიზანი. დღეს უკვე აშკარა გახდა, რომ მათი ერთ-ერთი მიზანი იყო დაერწმუნებინათ შევარდნაძე გადამდგარიყო”, – განაცხადა ივანოვმა. ივანოვის განცხადებით, ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილმა ფონდმაც გარკევული როლი ითამაშა ამაში. გადადგომის შემდეგ მიცემულ რამდენიმე ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ასევე დაადანაშაულა სოროსი ოპოზიციის დაფინანსებაში და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ოპოზიციური მოძრაობის მხარდაჭერაში.