skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი 5 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა.  ეს ვიზიტი აღიქმება აშშ-ის მორიგ მხარაჭერად საქართველოსადმი და ქვეყნის ახალი ხელისუფლებისადმი.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დონალდ რამსფელდი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ სააკაშვილთან.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე თავის ამერიკელ კოლეგას თბილისის აეროპორტში დახვა, თუმცა ოფიციალური შეხვედრა დავით თევზაძესა და დონალდ რამსფელდს შორის დაგეგმილი არ არის. 
 
დონალდ რამსფელდი ასევე ეწვევა კრწანისის საწვრთნელ ბაზას, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში ქართველ სამხედროებს წრთვნიან.

დონალდ რამსფელდი საქართველოში 2001 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა. მისი ვიზიტის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას”, რომლისთვისაც აშშ-მა 64 მილიონი დოლარი გამოყო.
 
ექსპერტთა განცხადებით, ვიზიტი ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. “რამსფელდის ვიზიტი საქართველოში მისი ავღანეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ნაწილია – ეს ის რეგიონია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების სფეროს წარმოადგენს. მისი ვიზიტი საქართველოში ადასტურებს, რომ საქართველო მჭიდრო კავშირშია ამ რეგიონთან და აშშ-ის ინტერესებთან”, – განუცხადა სამხედრო ექსპერტმა დავით დარჩიაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.
 
დონალდ რამსფელდი 3-4 დეკემბერს უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და ავღანეთში. საქართველომ 2003 წლის ზაფხულში მშვიდობისმყოფელთა ასეული გაგზავნა ერაყში, ნიშნად იმისა, რომ საქართველოს მხარს უჭერს აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.
 
“მეორეს მხრივ, ეს ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იგი მხოლოდ ბურჯანაძეს, ჟვანიას და სააკაშვილს ხვდება. ეს უკანასკნელი მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატია და რაიმე მაღალი თანამდებობა არ უკავია” – დასძინა დარჩიაშვილმა.
 
ექსპერტები მოელიან რომ სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებების დროს “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” გაფართოების საკითხიც იქნება განხილული.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით 14-20 ოქტომბერს იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ თევზაძემ განაცხადა, რომ ქართული და ამერიკული მხარეები შეთანხმდნენ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” 2004 წლის გაზაფხულის შემდეგაც გააგრძელონ. პროგრამის განხორციელება გასული წლის მაისში დაიწყო, როდესაც ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა.
 
თუმცა, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ამერიკის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა დიდ წილად დამოკიდებული იქნება თავად ქართულ მხარეზე.

“თუ ჩვენ კვლავ ვერ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გადახედავს დახმარების პროგრამებს”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.   
 
ამერიკის მთავრობის დელეგაცია სხელმწიფო მდივნის მოადგილის ლინ პასკოს ხელმძღვანელობით უკვე იმყოფება საქართველოში და ამჟამად  მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ დახმარების თაობაზე, რისი გაწევაც ამერიკას საქართველოსთვის შეუძლია.

Back to top button