
ვალერი ჩხეიძე ადასტურებს თბილისში სპეცრეისით ოთხი პიროვნების ჩამოსვლას
(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე ადასტურებს ინფორმაციას 3 დეკემბერს 0:15 საათზე კერძო რეისით ლონდონიდან თბილისში ოთხი პიროვნების ჩამოსვლის შესახებ, თუმცა იყო თუ არა მათ შორის რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი არ დასტურდება. ჩხეიძის განცხადებით, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სპეციალური რეისით ჩამოსულმა პირმა პლატონ იელენინის სახელზე გაფორმებული საბუთები წარადგინა. “შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ პასპორტი და ვიზა ყალბი არ იყო, ეს პიროვნება არ იძებნებოდა საქართველოში. სურათის მიხედვით იგი გავდა ბორის ბერეზოვსკის, თუმცა სახელი და გვარი სხვა იყო. აქედან გამომდინარე არ არსებობდა იურიდიული საფუძველი ამ პიროვნების დაკავებისა და მესაზღვრეებიც კანონის შესაბამისად მოიქცნენ”, – განაცხადა ვალერი ჩხეიძემ 3 დეკემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, თვითმფრინავი ქართველ ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის და ჩამოსულებს სწორედ მისი დაცვა დახვდა. ბორის ბერეზოვსკი თბილისში დაახლოებით ხუთი საათი იმყოფებოდა და 5:15 საათზე იმავე თვითმფრინავით ლონდონში გაფრინდა. ბორის ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. ამავე ინფორმაციით, იგი თავის კომპანიონს ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა. ამ საქმესთან დაკავშირებით მასალების მოკვლევა ეროვნული უშიშროების საბჭოს 2 დღის ვადაში დაევალა.