ახალი ამბები

ეუთო ახალ ხელმძღვანელობას ამომრჩეველთა სიების გადახედვისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 29 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთოს მიერ 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 4 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები “შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას დაადასტუროს აქვს თუ არა მას სურვილი ქვეყანაში ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს”.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მოხსენება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს საარჩევნო კომისიების ბალანსირებულ დაკომპლექტებაზე, ამომრჩეველთა შესწორებულ სიებზე და საარჩევნო პროცესის დროულ დაფინანსებაზე.

“არჩევნებთან დაკავშირებული კანონების დარღვევისათვის დაუსჯელობის სინდრომი შეიძლება აღმოიფხვრას მხოლოდ იმ პირთა დასჯით, რომელთაც შეგნებულად დაარღვიეს კანონი”.

“2003 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ვალდებულია აღაგდინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული საარჩევნო პროცესისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ მიუკერძოებისადმი”, – ნათქვამია ეუთოს მოხსენებაში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ეუთოს ექსპერტები განაგრძობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საარჩევნო სამზადისის მონიტორინგს, სანამ საარჩევნო დამკვირვებელთა მისია დაიწყებს სრულმასშტაბიან მუშაობას და შეუდგება აქტიურ საქმიანობას 7 დეკემბრიდან 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.  

Back to top button