ახალი ამბები

სააკაშვილი – პრეზიდენტობის კანდიდატი

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატებს” 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი კანდიდატი – მიხეილ სააკშვილი ეყოლებათ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა დღეს პარლამენტში ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
 
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ გვყავდეს ერთი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. ახლა ის დროა, რომ გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება და  ერთად დავდგეთ, როგორც ვიდექით აქამდე. ჩევნი გადაწყვეტილებაა ერთად ვიბრძოლოთ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად” – განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტობის მოვალოების შემსრყულებელმა ნინო ბურჯანაძემ.
 
“საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა დასრულდა. ახლა საჭიროა საყოველთაო კონსულტაციებზე დაფუძნებული მუშაობის დაწყება და ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევა. მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება და მზად ვარ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” და ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნებშიც, რომლის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, ერთიანი ძალები გამოვლენ და შექმნიან საარჩევნო ბლოკს, რომლის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნება.

“საქართველოში რევოლუცია დასრულდა, ახლა თვალწინ გვიდგას უმძიმესი მემკვიდრეობა. ჩვენი ამოცანაა – პირველი ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მეორე – ხანძრის ჩაქრობა თითქმის ყველა სფეროში. მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევძლოთ კრიზისის მასშტაბების შემცირება” – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი თქმით, 4 იანვრიდან ქვეყანაში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს. “ჩვენ მოვდივართ დიდი ამბიციებით. ამბიციები გაგვაჩნია იმისა, რომ შევძლოთ საქართველო გავხადოთ სასურველი პარტნიორი მსოფლიოს თანამეგობრობის ქვეყნებისა, გახდეს რეალური კანდიდატი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი ინფორმაციით, უმოკლეს პერიოდში შეიქმნება უპრეცედენტო გუნდი, რომელიც უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებენ ქვეყნის განვითარების პროგრამებს.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უმოკლეს დროში დარეგულირდეს ურთიერთობა რეგიონებთან და მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

სააკაშვილი თქმით, “განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლობას რუსეთთან.”
 
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ერთ-ორ თვეში ქვეყანაში სიტუაცია სასიკეთოდ ვერ შეიცვლება და მათ მოთმინებისკენ მოუწოდებს. “ახლა მთავარია ქვეყანაში სამარლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის გეგმის მიხედვით ჩატარდება” – აცხადებს სააკაშვილი. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს განურჩევლად მრწამსისა და ეროვნულობისა საქართველოში მომავლის იმედი გაუჩნდეს.

“ვარდების რევოლუციის” ლიდერთა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ერთიან კანდიდატად დასახელება სრულიად მოსალოდნელი იყო. მისი პოპულარულობა უზომოდ გაიზარდა, თბილისში დატრიალებული 22-23 ნოებრის მოვლენების შემდეგ. სააკაშვილი იყო სწორედ ის ფიგურა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ედგა სათავეში. თუმცა როგორც მისი ოპონენტები აცხადებენ, სააკაშვილი დემაგოგი და  რადიკალია.

ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერების განცხადებით მათი სურვილია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და მინისტრთა კაბინეტის შემოღება. ნინო ბურჯანაძის მოსაზრებით პრემიერ მინისტრის პოსტი შესაძლოა ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ დაიკავოს. მანამდე კი ზურაბ ჟვანია, როგორც მოსალოდნელი, სახელმწიფო მინისტრის პოსტ დაიკავებს.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ქვეყნის ახალი ლიდერები გეგმავენ, მაშინ არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ მინისტრის პოსტზე ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარედ კი კვლავ ნინო ბურჯანაძე ვიხილოთ.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button