ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან.

აშშ-ის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად დასრულდა.

“ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარებიან საქართველოს არსებული პრობლემების მოგვარებაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეკემბრის დასაწყისში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის საქართველოში, რომელიც ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად მომავალ არჩევნებში ამერიკის დახმარების საკითხს განიხილავს.

“აშშ დაინტერესებულია, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს როგორც ამერიკასთან, ასევე სხვა ქვეყნებთანაც. საუბრის დროს მე ხაზი გავუსვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის როლს საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებში. ამავე დროს, ბუშმა განაცხადა, რომ რაიმე საფრთხის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია მიმართოს აშშ-ის ადმინისტრაციას და დახმარება იქნება მყისიერი”, – აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა.

“აშშ იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი მოახერხებს ამ რთული პერიოდის ღირსეულად გავლას”, – დასძინა ბურჯანაძემ.

მსგავსი/Related

Back to top button