ახალი ამბები

სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატებს” 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი – მიხეილ სააკშვილი ეყოლებათ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა დღეს პარლამენტში ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
 
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ გვყავდეს ერთი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. ახლა ის დროა, რომ გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება და  ერთად დავდგეთ, როგორც ვიდექით აქამდე. ეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი  და ქვეყნის გამარჯვების  მომტანი იქნება” – განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტობის მოვალოების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ.
 
“საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა დასრულდა. ახლა საჭიროა საყოველთაო კონსულტაციებზე დაფუძნებული მუშაობის დაწყება და ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევა. მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება და მზად ვარ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას კი ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება სათავეში. “ნაციონალური მოძრაობა” და “ბურჯანაძე-დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი პარტიული სიით გამოვლენ.

“საქართველოში რევოლუცია დასრულდა, ახლა თვალწინ გვიდგას უმძიმესი მემკვიდრეობა. ჩვენი ამოცანაა – პირველი ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, სადაც ყველა პიროვნების ღირსება იქნება დაცული და მეორე ხანძრის ჩაქრობა, თითქმის ყველა სფეროში. მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევძლოთ კრიზისის მასშტაბების შემცირება” – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button