ახალი ამბები

ედუარდ შევარდნაძე არ ასახელებს სავარაუდო კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პირადი ნივთების წასაღებად მივიდა და მოგვიანებით კანცელარიის ეზოში ჟურნალისტებს შეხვდა.

“მოვედი ნივთების წამასაღებად. სამწუხაროა, მაგრამ ყველა ჩემს თანამშრომელთან დამშვიდობება ვერ მოვასწარი, თუმცა რაიმე ფორმას გამოვნახავ. ახალა მივდივარ სახლში”, – განაცხადა დღეს ედუარდ შევარდნაძემ.

იგი მომავალ პრეზიდენტს ურჩევს ჭკუით იყოს და აცხადებს, რომ არ აპირებს ჩარევას საპრეზიდენტო არჩევნების დროს კანდიდატების დასახელების პროცესში. ასევე არ საუბრობს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს იგი მხარს გაერთიანებული ოპოზიციის სამი ლიდერიდან.

“ჩემი აზრის გამოთქმას, შესაძლოა, მათ შორის განხეთქილება მოჰყვეს. ერთი შეიძლება პარლამენტის  თავმჯდომარე, მეორე სახელმწიფო მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი იყოს, მესამე კი – ქვეყნის პრეზიდენტი”, – განცხადა ექს-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველო საპრეზიდნეტო ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა, შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს სტრუქტურა და საპარლამენტო გახდეს.

შევარდნაძე უახლოეს პერიოდში პრესისთვის აპირებს სტატიის დაწერას “რატომ გადადგა შევარდნაძე?”, რომელსაც ბოლოს მისი ხელმოწერა ედუარდ შევარდნაძე ექნება.

მსგავსი/Related

Back to top button