ახალი ამბები

პარლამენტის სხდომა ნინო ბურჯანაძემ გახსნა

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოიწვია.

სხდომის გახსნის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “ის, რომ დღეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატები შევიკრიბეთ და არა 2003 წლის დანიშნული პარალმენტი, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 2 ნოემბრის შემდეგ დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძოდა. ამით დამტკიცდა, რომ ქართული ერი შედგა”.
 
“ამჟამად საჭიროა პოლიტიკური პარტიების ლიდერების და წევრების ერთად დგომა, რათა ქვეყანაში კრიზისული ვითარება არ შეიქმნას. ასევე საჭიროა 2-3 კვირაში დაინიშნოს არჩევნები, რომელიც სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება. საქართველომ უნდა აირჩიოს ის პრეზიდენტი რომელიც ხალხს უნდა და პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხს წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ ვერ შეაჩერებს”, – განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის რაც ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, გაკვეთილი უნდა იყოს ნებისმიერ პოლიტიკოსისათვის. ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.

სხდომას 158 დეპუტატი ესწრება და პარლამენტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გიგი წერეთლის კანდიდატურას.

მსგავსი/Related

Back to top button