ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს 10 წლის წინ დაწყებულ საგარეო პოლიტიკას და უცხოელ ინვესტორებს ნორმალური ბიზნესის წარმოების საშუალება მიეცემათ.

“2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ჩაიშალა. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტი. არსებული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრეზიდენტის გადადგომას, რამაც მოვლენებს ლეგიტიმურობა შესძინა. მთავარია სტაბილურობის შენარჩუნება და რევოლუციური განვითარების შეჩერება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ელჩებთან შეხვედრის დროს.

მან ასევე ელჩებთან ისაუბრა და დახმარება თხოვა მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში. “საჭიროა ნორმალური საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების შეცვლა, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანიშვნა ეუთო-ს წარდგინებით მოხდა, მან ვერ შეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა უნდა დაეყრდნოს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ფორმულას, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარი გაყალბების მექანიზმის გამოიყენებას. ასევე მოითხოვა ახალი არჩევნების ჩატარების დროს უცხოელი დამკვირვებლების მობილიზება.

ელჩებმა, მათ შორის აშშ-ს და რუსეთის ელჩებმა ნინო ბურჯანაძეს მხარდაჭერა აღუთქვეს.

მსგავსი/Related

Back to top button