ახალი ამბები

იგორ ივანოვი საქართველოში მოვლენების სტაბილურად განვითარებაში ეჭვი ეპარება

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა უკვე დატოვა ბათუმი. მოსკოვში გამგზავრებამდე მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთან ასლან აბაშიძესთან  შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე ისაუბრა. 

“ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. აბაშიძე შეშფოთებას გამოთქვამს პრეზიდენტის ასე მოკლე ვადაში გადადგომით და აცხადებს, რომ ეს არ ქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას. მთავარია ახლა არ იყოს სისხლისღვრა”, – განაცხადა იგორ ივანოვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ-ჯერობით კომენტარს ვერ აკეთებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში და აცხადებს, რომ ძნელია მოვლენების ოპტიმისტურად განვითარების შესახებ საუბარი.

იგორ ივანოვი თბილისში 23 ნოემბერს გვიან ღამით ჩამოვიდა. იგი შეხვედრებს აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან. იგი მომხრე იყო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით მოგვარების და აცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეში ჩარევას არ აპირებდა.

ამის შემდეგ იგორ ივანოვი სპეცრეისით ბათუმში გაემგზავრა, სადაც ასლან აბაშიძეს შეხვდა.

მსგავსი/Related

Back to top button