ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მატიას იურშიმ, ევგენი კირილიოვმა და ანდრე კვაკესტადიმ, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების მისიით ჩამოვიდნენ, მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ 23 ნოემბერს განცხადება გააკეთეს.

მათი განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სამი მისიის დროს თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში, მათ გააკეთეს გაფრთხილება, რომ არჩევნები არ იქნებოდა სამართლიანი და თავისუფალი.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ არჩევნების ორგანიზების საქმეში გარკვეულ წინსვლას მიაღწიოს.

მიუხედავად დიდი მცდელობისა საერთაშორისო საზოგადოების მიერ, უნდა აღინიშნოს რომ არჩევნები ბევრად უარესად ჩატარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ და დარღვევებმა სერიოზული ეჭვები აღძრა იმის თაობაზე, გამოხატავდა თუ არა 20 ნოემბერს გამოცხადებული შედეგები ქართველი ხალხის ნებას.

საქართველოში ჩამოსვლამდე და მას შემდეგ დელეგაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან და რამოდენიმე მინისტრთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან, შეხვედრის სურვილს.

დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ცსკო-ს თავჯდომარეს ნანა დევდარიანს. ისინი მზად არიან შეხვდნენ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს.

ევროსაბჭოს დელეგაცია ულოცავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ოპოზიციას, რომ მათ შეძლეს სისხლისღვრის თავიდან აცილება და პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.   

მსგავსი/Related

Back to top button