ახალი ამბები

აშშ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს მხარს უჭერს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მას და მის კოლეგებს.

სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოში სტაბილურობას და სუვერენიტეტს და მზად არის ქართველ ხალხს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს”.

ქვემოთ მოცემულია განცხადების ტექსტი:

აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოში სტაბილურობას და სუვერენიტეტს და მზად არის ქართველ ხალხს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

ქართველმა ხალხმა შეისმინა სააკაშვილის და მისი კოლეგების მოწოდება ქართული პოლიტიკის ახალი ეტაპზე გადასვლის თაობაზე. 

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნების საქმეში. შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება მზად არიან მხარი დაუჭირონ ახალ მთავრობას მომავალში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საქმეში კონსტიტუციის თანახმად.
სახელმწიფო მდივანმა მოქმედ პრეზიდენტთან საუბრის დროს მას ჩვენი მხარდაჭერა აღუთქვა და შემდგომი მოქმედებებისთვის გაამხნევა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.

ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილება რთული იყო, და ისიც, რომ მან ეს გადაწყვეტილება ხალხის ინტერესების შესაბამისად მიიღო. პრეზიდენტი შევარდნაძე დიდი ფიგურა იყო საქართველოს ისტორიაში და შეერთებული შტატების ახლო მეგობარიც. ჩვენ მასთან სამი დეკადის განმავლობაში ვიმუშავეთ გლობალური საკითხების თაობაზე.

პრეზიდენტ შევარდნაძის წყალობით, საქართველომ რთული პერიოდი გადალახა, 90-იან წლებში სამოქალაქო ომი დაძლია და საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი გახდა.

შევარდნაძის მიერ შეტანილი წვლილის წყალობით, მილიონობით ხალხს მიეცა საშუალება თავიანთი სურვილების ასრულებისა.

სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ შევარდნაძესაც ესაუბრა და მას მადლობა მოუხადა კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს ერთად იმუშავონ წინსვლისათვის ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

მსგავსი/Related

Back to top button