ახალი ამბები

მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ერს მიმართავს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნინო ბურჯანაძემ, რომელიც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ რაც ედუარდ შევარდნაძე 23 ნოემბერს გადადგა, 24 ნოემბერს 2:30 წუთზე ტელევიზიის საშუალებით ხალხს მიმართა და მათ წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა.

მან მოუწოდა ქართველ მოსახლეობას დაუბრუნდნენ “ცხოვრების ნორმალურ წესს”. მისი განცხადებით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის ვადაში ჩატარდება. ეს გამარჯვება სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს “საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი კვლავ რჩება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება”.

მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობა, სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

“ჩვენ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის შესანიშნავი დღეები გამოვიარეთ. ჩვენ მადლიერი ვართ იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბოლო კვირების განმავლობაში თავისუფლების დაცვაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების კომენტირებისას.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციას და ჯარს მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების გამო.

“ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ჩვენ სერიოზული კრიზისი გადავლახეთ და სისხლის ერთი წვეთიც არ დაღვრილა”, – განაცხადა ბურჯანაძემ. “ახლა ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო დიდი ერია”, – დასძინა ბურჯანაძემ. 

მსგავსი/Related

Back to top button