ახალი ამბები

ირაკლი მენაღარიშვილი ძალის გამოყენებას გამორიცხავს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამორიცხული უნდა იქნას ძალის ნებისმიერი სახით გამოყენება.

მისი თქმით, შეთანხმება კომპრომისების გარეშე შეუძლებელია, და იმისთვის, რომ მიღწეული იქნას საერთო მიზანი, მოვლენების კონსტიტუციურ ველში დაბრუნება საჭიროა დათმობებზე წასვლისთვის მზადყოფნა.

მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია ამჯამად კონკრეტული ინფორმაცია ედუარდ შევარდნაძის პოზიციასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და სხვა ქვეყნების მიერ გამოთქმული დახმარების სურვილი საქართველოში მდგომარეობის მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე მისასალმებელია და ეს ძალისხმევა სიტუაციის განმუხტვას წაადგება.

ირაკლი მენაღარიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დაადასტურა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი/Related

Back to top button