ახალი ამბები

ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 23 ნოემბერს 14 საათისთვის პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების გამოსვლა იგეგმება, რომლებიც იქ შეკრებილ ათეულობით ათას ადამიანს სამომავლო მოქმედებების გეგმებს გააცნობენ.

პარლამენტის შენობასთან მოსახლეობის სულ უფრო მეტი რაოდენობა იკრებს თავს. მომიტინგეებს უერთდებიან თბილისლები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთი ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთადაც მიდიან.

მთელი გასული ღამის განმავლობაში და დილითაც შეკრებილი მოსახლეობის წინაჭე დროდადრო გამოდიან ოპოზიციის ლიდერები და ამხნევებენ. ასევე, ლიდერები აცხადებენ, რომ 22 ნოემბერს მომხდარ ხავერდოვან, მშვიდობიან, “ვარდების რევოლუციას” დაცვა სჭირდება და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით შეიკრიბონ, რომ გარანტირებული იქნას მათი უსაფრთხოება.

“საბოლოო გამარჯვება მიღწეული იქნება მაშინ, როცა დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, და არჩეული იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის კუთვნილი ხელისუფლება იქნება”, – განუცხადა დღეს დილით მომიტინგეებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ედუარდ შევარდნაძის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, დღევანდეკ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა ამოყენებული არ იქნება, და არმია თავის მოვალეობებს შეასრულებს მხოლოდ ქაოსისა და მასობრივი არეულობების შემთხვევაში.

მსგავსი/Related

Back to top button