ახალი ამბები

არმია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღს არ გამოიყენებს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არმიას არ მიუღია ბრძანება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან, პრეზიდენტ შევარდნაძისგან იარაღის გამოყენების თაობაზე, – განაცხადა 23 ნოემბერს დილით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელსაც პრეზიდენტის 22 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა დაევალა.

“არმია გულისყურით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ქაოსის, რეალურად უმართავი სიტუაციების წარმოსობის შემთხვევაში თავის მოვალეობებს შეასრულებს”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

მისი თქმით, 22 ნოემბერს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტის მიერ, რასაც წინ უძღოდა სახელმწიფო კანცელარიაში შეჭრა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ვანდალიზმის ფაქტები, რამაც შექმნა კონსტიტუციური პროცესების ფარგლებიდან სიტუაციის გამოყვანის საფრთხე.

მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს სტაბილურობის დამყარების მიზნით ძალის უპირობო გამოყენებას, არამედ ისეთი რეჟიმის დამყარებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

თევზაძემ აღნიშნა, რომ “ქვეყნის მარვის სისტემაში წარმოიშვა ნონსენსი, არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება და არსებობს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მართავს პროცესებს. “გარკვეულ იმედებს გვაძლევს ის, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აიღეს პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ ცესრიგზე კონტროლის დამყარებაზე და მზად არიან ხელი შეუწყონ სამართალდამცავი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავების ფუნქციონირების უმტკივნეულოდ აღდგენა”.

დავით თევზაძეს მთელი ღამის განმავლობაში კონსულტაციები ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან და როდესაც მიიღო დოკუმენტი, განკარგულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, თევზაძის თქმით, იგი გააფრთხილეს, რომ არანაირი ღონისძიება არ გატარებულიყო, რომ არ დაღვრილიყო სისხლი.

მსგავსი/Related

Back to top button