ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას ამშვიდებს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ვერავინ გაბედავს თავს დაესხას ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილნი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს გვიან ღამით პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ქვეყანასი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

“პრეზიდენტი ნამდვილად ვერ ფლობს სიტუაციას, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს საგანგებო მდგომარეობაზე, გამოიხედოს ქუჩაში რამდენი ათასი ადამიანია გამოსული ქუჩაში თავისი ღირსების დასაცავად”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა შექმნილი, ხოლო პრეზიდენტის ქმედებები არაადექვატურია. “პრეზიდენტმა ან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ან მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდება”, – აღნიშნა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არის იზოლირებული მის გარემოცვაში მყოფი პირების მიერ და იგი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს თავისი უფლებამოსილელების ფარგლებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, რომ ასეთ ვითარებაში პირველი სამიზნე გახდეს დამოუკიდებელი ტელევიზიები და მათ შორის “რუსთავი-2”-იც, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში არ იმყოფებოდეს.

ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ ჩათვალონ, რომ გამარჯვება უკვე მიღწეულია, ამისათვის საჭიროა, რომ რაც შეიზლება მეტი მოქალაქე მივიდეს ამჯამად პარლამენტთან, რომ გარანტირებული იქნას უსაფრთხოება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოთქვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ, რომ ხელი არ აღმართეს ხალხზე და მოუწოდა, რომ კვლავ გააგრძელონ თავიანთი მოვალეობების შესრულება, რომ ქვეყანასი დაცული იქნას წესრიგი.

პრეზიდენტის ქმედითუნარიანობის განსაზღვრამდე ნინო ბურჯანაძემ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები თავის თავზე აიღო როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი/Related

Back to top button