ახალი ამბები

ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი როგორც პარლამენტის შენობაში ისე მის გარეთ.

გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში მომხრეებიც შევიდნენ. ამჟამად პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაერთიანებული ოპოზიციის ათეულობით ათასმა მომხრემ დაიკავა.

ხელისუფლებისა და “აღორძინების” მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოატოვეს.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის მომხრეებმა ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე შეაღწიეს დარბაზში.

ნინო ბურჯანაძემ მადლობა მოუხადა პოლიციას და ჯარს, რომელმაც ოპოზიციის მომხრეები თავისუფლად გაატარა პარლამენტის შენობისკენ.

ბურჯანაძემ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დატოვონ პარლამენტის დარბაზი და შენობის წინ გადაინაცვლონ.

ბურჯანაძემ ასევე მიმართა თავდაცვის მინისტრს, რომ “ამ შენობაში გაისმა მუქარა, რომ შემოგვიტევს ან ჩვენი, ან უცხო ქვეყნის ჯარი. მაგრამ მინდა შევახსენო თავდაცვის მინისტრს, რომ პრეზიდენტის დაცვის გარდა, ევალება ყველა ჩვენგანის დაცვა. და მიიღოს ყველა ზომა, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული წესრიგი და ყველა ჯარისკაცს მოვუწოდებ, რომ ისევე ვაჟკაცურად გააგრძელოს თავისი ვალის მოხდა”.

ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩატარდება ახალი საპარლამენტო არცევნები და პარლამენტის შენობაში ახალი ლეგიტიმური პარლამენტი შევა.

პრეზიდენტი შევარდნაძე მისმა დაცვამ 17 საათსა და 10 წუთისთვის პარლამენტის დარბაზიდან მაშინ გაიყვანა, როცა იგი სხდომის გახსნას ცდილობდა. სად იმყოფება ამჟამად პრეზიდენტი უცნობია.

მსგავსი/Related

Back to top button