ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ ჩაატაროს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ “საქართველოს ხელმძღვანელობამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები”.

ქვემოთ მოცემულია განცხადების ტექსტი:

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის იმედგაცრუებული საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე აღებული ვალდებულებები. ხმების დათვლის დროს შეფერხებებმა და შედეგების გაყალბებამ დაადასტურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საქართველოს მთავრობის მიერ ხალხის ნების იგნორირების მცდელობა.

აშშ ეთანხმება ეუთო-ს შეფასებას იმის თაობაზე, რომ უზუსტობებმა ამომრჩეველთა სიებში შეასუსტა ამომრჩეველთა ნდობა. გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა გამჭირვალობის გაზრდის კუთხით, თუმცა აჭარა და ქვემო ქართლი მასიური გაყალბების წყაროს წარმოადგენდა. ხმების ზუსტი, დროული და გამჭირვალე დათვლის პროცესში შეფერხებამ გადაფარა ის პროგრესი, რომელიც ზოგიერთ სხვა სფეროში აღინიშნებოდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ განხორციელებული და “ეგზით პოლების” მიერ მხარდაჭერილი ხმების პარალელური დათვლა, რომლებიც ამომრჩეველთა ნების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, საგრძნობლად განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებისგან. ეს სხვაობა ადასტურებს, რომ ხმების დათვლის დროს მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი.

ამჟამად, ყველა მხარემ ერთად უნდა იმუშავოს, რათა იპოვონ გზა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცენ მედიის თავისუფლებას, სიტყვის მშვიდობიან გამოხატვას და შეკრებას. იგი მოუწოდებს ყველა მხარეს არჩევნების შედეგებზე მშვიდობიანი რეაგირება ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ ჩაატაროს დამოუკიდებელი და გამჭირვალე გამოძიება და დასაჯოს დამნაშევენი.

აშშ მხარს უჭერს სტაბილურობას და უსაფრთხოებას საქართველოში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიულ, აღმავლობის გზაზე მდგარ და მშვიდობიან ქვეყანაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციურ პარტიებს პატივი სცენ მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს.

2003 წლის ივლისში პრეზიდენტმა ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი გამოაგზავა საქართველოში პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის მიზნით, რათა მოეთხოვა საქართველოსთვის შეესრულებინა ვალდებულება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენ 2.4 მილიონი დოლარი დავხარჯეთ, რათა მხარი დაგვეჭირა ორმხრივი და ეუთოს სხვადასხვა პროგრამებისთვის არჩევნების პროცესში.

მსგავსი/Related

Back to top button