ახალი ამბები

პატრიარქი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე შუამდგომლობას სთავაზობს

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 21 ნოემბერს გვიან საღამოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებს ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პრობლემების მსვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.

“თუ იქნება თქვენი სურვილი, ჩვენ მზად ვართ რომ შედგეს მშვიდობიანი საუბარი ჩვენთან საპატრიარქოში და გავწიოთ შუამავლობა”, – მიმართა ასევე პატრიარქმა ხელისუფლებისა და გაერტიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან სისხლისღვრა.

“არ უნდა იქნას გამოყენებული იარაღი, ის ვინც დაღვრის სისხლს, ეს ცოდვა მის შთამომავლობაზე გადავა”, – განაცხადა პატრიარქმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილია გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები, ხოლო პარლამენტის შენობასთან კვლავ დგანან აჭარიდან ჩამოყვანილი ასლან აბაშიძის მომხრეები, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდიან.

ოპოზიცია საპარალამენტო არჩევნების გაყალბების გამო პრეზიდენტის უპირობო გადადგომას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button