
მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები თბილისში შემოვიდნენ
(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეთა ავტოკოლონა, რომელმაც გუშინ დაიწყო მოძრაობა თბილისის მიმართულებით დასავლეთ საქართველოდან, უკვე თბილისში შემოვიდა.
კოლონაში ათასობით მსუბუქი ავტომანქანა, სამარშრუტო ტაქსი და ავტობუსია. კოლონა რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული და თბილისის ცენტრისკენ მიემართება.
კოლონას სათავეში უდგანან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
ოპოზიციის ლიდერები თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით ხელისუფლების მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
სად და როდის მოეწყობა აქცია, ჯერ-ჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, მშვიდობიანი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია 22 ნოემბერს მოეწყობა.
თბილისში კი პარლამენტის შენობასთან გრძელდება ასლან აბაშიძის და შევარდნაძის მომხრეთა აქცია გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ.