
უშიშროების საბჭოს მდივანი მიმდინარე მოვლენების ფონზე სისხლისღვრას არ გამორიცხავს
(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ახლა გაჩუმება მორალური დანაშაულის ტოლფასი იქნება. იგი მიმართავს როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას.
“სხვადასხვა პარტიები დაუფარავად საუბრობენ პარლამენტის არჩევნების შედეგების შეცვლაზე. ქვეყნის პრეზიდენტის ზურგსუკან დაუყოვნებლივ საუბრობდნენ თითქოს სიტუაციის განმუხტვისათვის, სინამდვილეში კი, თავისი ვიწრო ინტერესების დასაცავად. მიმდინარე მოვლენები აფერხებს ისეთ მნიშვნელოვან ამოცანას, როგორიცაა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ევრაზიის დერეფნის ამოქმედება. ილახება პრეზიდენტის იმიჯი. საპარლამენტო არჩევნები გადაიზარდა დაუფარავ ბრძოლაში სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად. არსებობს ჩვენი სპეცსამსახურების და ასევე სხვა მეგობარი ქვეყნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ყოველივე ამას, შესაძლოა, სისხლისღვრა მოჰყვეს. საგანგაშო სიგნალი დიდი ხანია არსებობს. ეს ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველას მივმართავ, თუ მოხდება სისხლისღვრა ნურავინ იფიქრებს, რომ ეს შერჩება, რა თანამდებობაზეც არ უნდა მოხვდეს”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მართალია იგი არ ყოფილა ჩართული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობაში, თუმცა, აქვს ინფორმაცია, რომ დიდი ხარვეზებით ჩატარდა. თედო ჯაფარიძე მომხრეა ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყების, რომელიც დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს.