
ასლან აბაშიძე აჭარის საზღვრების ჩარაზვით იმუქრება
(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე ავტონომიის საზღვრების დახურვით იმუქრება, თუ საქართველოში მოვლენები უკიდურესად გამწვავდება.
“თუკი საქართველოში განვითარებული მოვლენები ახალი კატაკლიზმებით დაემუქრება ქვეყანას, ახალი სამოქალაქო ომით დაემუქრება, და თუ ამას არ აღუდგა წინ მთელი საქართველო აჭარასთან ერთად, აჭარას დარჩენია ერთადერთი რამ, ჩარაზოს თავისი საზღვრები ისევე, როგორც ეს 10 წლის წონ მოხდა, რათა აჭარის მიწაზე მაინც იქნას შენარჩუნებული ქართული სიწმინდე”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.
თბილისში პარლამენტის შენობასთან გრძელდება ასლან აბაშიძის და შევარდნაძის მომხრეთა აქცია გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ იმ დროს, როცა გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობის მობილიზებას ახდენს თბილისში მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებით.