
ოპოზიცია ხელისუფლებას დიქტატურაში ადანაშაულებს
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ახალი პარლამენტი ვერასოდეს ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, რადგან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბეს.
“საპარლამენტო არჩევნების შედეგები შევარდნაძის კაბინეტში დაიწერა. მათ მეც შემომთავაზეს წინ გაყვანა ჩემი სიჩუმის სანაცვლოდ. შედეგები უკანონოა. ახალი პარლამენტი ვერ გამოხატავს ხალხის ნებას. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია”, – განაცხადა სააკაშვილმა 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მან ხელისუფლება და პრეზიდენტი დიქტატურაში დაადანაშაულა და მოსახლეობას თავისი ღირსების დაცვის მიზნით კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. “სახეზეა დიქტატურის ყველა ნიშანი – ეს არის კორუფცია, რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის მზადყოფნა”.
“სანამ ცოცხალი ვარ, არ დავუშვებ დიქტატურას ქვეყანაში და ვიბრძოლებ მის წინააღმდეგ”, – დასძინა სააკაშვილმა. მაგრამ ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ აპირებს ძალის გამოყენებას არც შევარდნაძის და არც მისი მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის მიმართ.
მისი განცხადებით, ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისისკენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.