ახალი ამბები

ზაზა შენგელია თანამდებობიდან გადადგა

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის თავმჯდომარემ ზაზა შენგელიამ დღეს განცხადება გააკეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას შემდეგ, რაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ სახელმწიფო ტელევიზია გააკრიტიკა იმის გამო, რომ თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს.

“მე არ ვიქნები ისეთ ტელევიზიაში, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას გააშუქებს”, – განაცხადა შენგელიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე.

მთავრობის სხდომაზე პრეზიდნტმა შევარდნაძემ უკმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ტელევიზია თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს.

“თუ სახელმწიფო ტელევიზიაა, მაშინ უნდა იცავდეს სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ ვითხოვ ჩემს ინტერესების დაცვას, არამედ სახელმწიფოსას”, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button