ახალი ამბები

ოპოზიცია კანცელარიისთან საყოველთაო მარშის მოწყობას აპირებს

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტიები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” ახალ ტაქტიკაზე გადადიან და 19 ნოემბრიდან თბილისში რეგიონებიდან საკუთარ მხარდამჭერების ჩამოყვანას აპირებენ, რათა ერთობლივად ჩაატარონ მარში სახელმწიფო კანცელარიის შენობისაკენ.

“პრეზიდნეტის განცხადების შემდეგ, რომ იგი არ აპირებს გადადგომას, საჭირო გახდა მარში უკვე კანცელარიასთან. პრეზიდენტმა თავად არ იცის რა სურს, სამაგიეროდ იცის ხალხმა”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები უკვე მიმდინარეობს თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში, გაფიცული არიან პედაგოგები და ექიმები. ამ მოსახლეობის მობილიზება კი 19 ნოემბერს თბილისში მოხდება და მათ თავად ჩაუდგება სათავეში.

“ჩვენ კონსტიტუციური უფლება გვაქვს ნებისმიერ ადგილას გავმართოთ საპროტესტო აქციები. ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. პრეზიდენტს პირობას ვაძლევთ, რომ მას ფიზიკურად არავინ შეეხება და თავიდან ერთი თმაც არ ჩამოუვარდება”, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 18 ნოემბერს ფილარმონიაში დაგეგმილია ხელისუფლების და “აღორძიენბის კავშირის” მხარდამჭერების შეკრება, სადაც ბათუმიდან ჩამოყვანილი იქნებიან სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული პოლიციელები.

“ყველა თბილისელს მოუწოდებ, მშვიდობიანი ხერხებით არ შემოუშვან ასლან აბაშიძის პოლიციელები, მათ თბილისში არაფერი ესაქმებათ. თავად ბათუმლებსაე და აჭარლებზე მე საუბარი არ მაქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხოლოდ მაშინ შეხვდება მას, როცა კანცელარიასთან მოწყობილ მარშის შემდეგ გადადგება და გამოვა კანცელარიიდან, რათა დაიცვას მისი უსაფრთხოება.

მიხეილ სააკაშვილი 18 ნოემბერს ასევე შეხედრას გეგმავს თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილესთან ლინ პასკოსთან, სადაც საუბარი საქართველოში არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

Back to top button