ახალი ამბები

შევარდნაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარდაჭერა აღუთქვა

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ყველა იმ ოფიციალურ პირს და ქვეყნის მმართველებს მადლობას უხდის, რომელბმაც ამ დღეებში მხარდაჭერა აღუთქვეს მას.

“თავად რუსეთის პრეზიდენტმა სამჯერ დამირეკა და სამივეჯერ განმარტა, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებით. ასევე აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს, დაელოდონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს და მერე გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ასეთი განწყობაა ყველა საერთაშორისო უწყების წარმომადგენლებისა და ქვეყნის პირველი პირების მხრიდან. ამის ფონზე სირცხვილია, როცა ოპოზიცია საქართველოში რეპრესიულ რეჟიმზე საუბრობს, ბევრი ნაკლის მიუხედავად, საქართველოში სიტყვის თავისუფლება მაინც არსებობს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იგი ასევე მადლიერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძისა, რომელთან შეხვედრის დროს (9 ნოემბერს) ნათლად გამოიხატა განწყობა, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებსაც უხდის მადლობას და ცალკეულ პარტიებს მოუწოდებს სიფრთხილისაკენ ეროვნულ უმცირესობებზე საუბრისას.

“ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ამ თემით საქმის გაფუჭება მერე ძნელი მოსაგვარებელი იქნება. ეროვნული უმცირესობა ჩვენი სიძლიერეა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Back to top button