
ევროსაბჭო რეფორმების გატარებას მოითხოვს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით
(თბილისი, 15 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პიტერ შიდერმა და გენერალურმა მდივანმა ვოლტერ შვიმერმა 14 ნოემბერს შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო.
“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავონ ძალადობისგან და ეძიონ პრობლემის დემოკრატიულად მოგვარების გზები კონსტიტუციის ფარგლებში”, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ 14 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში.
“სავსებით ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც არსებული კრიზისი დაიძლევა, საჭირო იქნება საარჩევნო კანონდმებლობის ძირფესვიანი გადახედვა”, – განაცხადეს ევროსაბჭოს ლიდერებმა.
მათი თქმით, ევროსაბჭო მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დიალოგის მეშვეობით, და შემდგომ რეფორმების გატარებაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად მომავალში.