
ახალი ამბები
შევარდნაძესა და პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა
(თბილისი, 15 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და მის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შორის დღეს მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ აცნობა.
“პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ის, რომ ოპოზიციის ლიდერებს 14 ნოემბერს ეყოთ გონიერება საყოველთაო საპროტესტო აქციის მშვიდობიანად დაშლისთვის და არ წავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე”, – განაცხადა კახა იმნაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი კვლავაც მზად არის ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად და დიალოგისთვის.
დღევანდელი სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის უკვე მესამე იყო ბოლო კვირის განმავლობაში. ვლადიმირ პუტინმა ედუარდ შევარდნაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.