
ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებს
თეა გულარიძე? “სივილ ჯორჯია”ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების წინააღმდეგ საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებენ და 15 ნოემბრიდან მთელი საქართველოს მაშტაბით წინააღმდეგობის კომიტეტების შექმნას იწყებენ.
“ჩვენ ვაცხადებთ საყოველთაო, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ. რეგიონებში დაიწყება დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნა და მოსახლეობა გამგებლებს, სამხარეო რწმუნებულებს და სახელისუფლებო სტრუქტურის ხელმძღვანელებს არ მისცემენ მუშაობის საშუალებას. ჩვენ იმედი გვქონდა რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პირობას შეასრულებდა და იზრუნებდა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე მას ამისათვის ჰქონდა საკმაოდ დიდი დრო. ახლა კი უკვე გვიანია. დასაკარგი ხალხს არაფერი დარჩა, ამის გამო უნდა მოხდეს მთლიანად შევარდნაძის რეჟიმის პარალიზება. დღეს ჩვენ შევძელით ჩვენი ძალის წარმოჩენა, რაც შევარდნაძეს ყველაზე მეტად აშინებს” – განუცხადა ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 14 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დაახლოებით 35 ათას ადამიანს, რომლებიც შევარდნაძის გადადგომას ითხოვენ.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე აქცია დაიშალა, თუმცა დაუმორჩილებლობის კამპანია რეგიონებში იწყება. 15 ნოემბერს აბაშაში მასწავლებლები გაიფიცნენ, ხოლო ზუგდიდში ორი საათით ექიმები იფიცებიან.
14 ნოემბერს კი პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მოვლენები მშვიდობიანად და ორგანიზებულად ვითარდებოდა. ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენეს და მისგან აქციაზე მისვლა მოითხოვეს.
“პრეზიდენტს მოვუწოდებთ მოვიდეს და შეხვდეს საკუთარ ხალხს, ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ მას არავი შეეხება და დააფისქიროს საკუთარი პოზიცია” – აცხადებდნენ ოპოზიციის ლიდერები.
ამ მოწოდების, 15 წუთიანი დუმილის და ლოდინის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტი მიტინგზე არ მისულა. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საპროტეტო აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიის შენობის მისასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც შინაგანი ჯარების მიერ შექმნილი კორდონი დახვდათ.
“როგორც ჩანს პრეზიდენტს ჩვენი ხმა არ ესმის, ამის გამო მივიდეთ კანცელარიის მისასვლეთან და იქიდან შევძახოთ “გადადექი” – განაცხადა მიხეილ სააკშვილმა, რომელიც თავად წარუძღვა მოსახლეობას კანცელარიასთან.
საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ საპროტესტო მსვლელობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართა. ოპოზიციის ლიდერებმა დაპირისპირების მიუხედავად შეძლეს ცენტრალური კომისიის შენობაში შესვლა, სადაც ოპოზიციის 15-მდე წევრმა მშვიდობიანი საპროტესტო მჯდომარე აქცია დაიწყეს.
“ჩვენ ვისხდებით იქამდე, სანამ ხელისუფლება და ცსკო არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების სამართლიან შედეგებს, სადაც გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა და არა სახელისუფლებო ბლოკმა და აღორძინების კავშირმა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი არველაძემ.
ათიათასობით აქციის მონაწილემ ოპოზიციის ლიდერების მოწოდებით ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს სახელმწიფო კანცელარიას. საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი უძღვოდა, ხოლო მეორე ნაწილს ზურაბ ჟვანია გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რითაც კანცელარიის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეიქმნა.
“ჩვენ ამით პრეზიდენტი მოვაქციეთ ალყაში და დავანახეთ ჩვენი ძალა, რომ ვართ ერთიანები. არ მქონდა იმის ილუზია, რომ პრეზიდენტი დღესვე გადადგებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა მას აშინებს და დღეს თუ არა უახლოეს დღეებში გადაგდება და მისი 30 წლიანი რეჟიმი დაემხობა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.
საპროტესტო მსვლელობისა და კანცელარიის შენობის გარშემო, რომელსაც შინაგანი ჯარის შენაერთები იცავდნენ, ცოცხალი ჯაჭვის შემოვლების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები კვალვ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და ხალხს პირველი წარმატებული, მასიური მსვლელობის მშვიდობიანად დასრულება მიულოცეს.
“დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს, მსოფლიოს წამყავნი ტელეარხების მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებია, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი წარმატების და ყველაფერი გამარჯვებით დასრულდება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“დღეს ჩვენი ამ მსვლელობით და ერთად დგომით ხელისუფლებას დავანახეთ, რომ საქართველო როგორც ერი ცოცხალია და შეგვწევს ძალა დაამტკიცოს, რომ ეს ქვეყანა შედგა, არ შედგა ის ხელისუფლება, რომელმაც თქვენი ნდობა ვერ დაიმსახურა” – განაცხადა ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
დღევანდელ აქციას წინ უძღვოდა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობის მიმართ არ აჰყოლოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოწოდებას და არ მიეღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, თუმცა პარლამენტის შენობის წინ ათი ათასობით ადამიანი შეიკირბა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები მოეწყო საქართველოს მთელ რიგ რაიონებსა და ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, სადაც იქ მცხოვრები ქართველები მხარდაჭერას გამოხატავდნენ თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეთა მიმართ.
5 საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციური ლიდერებმა მოსახლეობას ნებაყოფლობით აქციის დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ 17 ნოემბერს კვლავაც გაიმართება ანალოგიური აქცია რუსთაველის გამზირზე.
“ბოლომდე ვიდგები აქ. მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ რწმენით ვიდგები ბოლომდე” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა თინათინ ნაჭღებიამ.
“ყოველდღე აქ ვარ და მზად ვარ ბოლომდე ვიდგე და აქტიური მონაწილეობა მივიღო აქციებში. თუ საჭიროა ერთი, ორი თვეც ვიდგები, თუმცა მჯერა რომ ამდენი ხანი არ დაგვჭირდება გამარჯვებისთვის” – ამბობს თბილისელი თამაზ ნიკოლაიშვილი.
მაშინ როდესაც ათასობით დემონსტრანტი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა, ედაურდ შევარდნაძემ სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. ეს ამ ერთ კვირაში უკვე მეორე სატალეფონო საუბარი იყო. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.
ამის პარალელურად მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს აჭარის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე, რომელმაც ამას წინად შევარდნაძეს კრიზისის დაძლევაში ყველანაირი დახმარება აღუთქვა.