
ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარს აკეთებს
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ, “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციას არ შეწყვეტს, სანამ “ხელისუფლება დათმობაზე არ წავა”.
“ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტისა და ხელისუფლებისგან 2 ნოემბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას. ჩვენ იმიტომ არ შევხვდით პრეზიდენტ შევარდნაძეს 12 ნოემბერს, რომ ვიცოდით, ისინი არ წავიდოდნენ კომპრომისზე. როგორც კი გვეცოდინება, რომ ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული წინადადებები აქვს ჩვენთვის, ჩვენ შევხვდებით მათ”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ “სივილ ჯორჯიას” 13 ნოემბერს.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან 11 ნოემბერს ეჭვები წარმოშვა ოპოზიციაში განხეთქილების თაობაზე. თუმცა ნინო ბურჯანაძემ ამ ეჭვებს “უსაფუძვლო” უწოდა.
მისი თქმით, “ოპოზიციის ლიდერებს შორის განხეთქილება არ არსებობს”. ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ არაფერი იცოდნენ სააკაშვილის გეგმების თაობაზე, თუმცა, ბურჯანაძის თქმით, ჯორბენაძესთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი მოვიდა მათთან და შეხვედრის დეტალები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ჯერ ძალიან ადრეა საუბარი აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე არჩევის შესახებ. მოსაზრება ამის თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც შევარდნაძე 10 ნოემბერს ბათუმში ჩავიდა და ამის შემდეგ აბაშიძე სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრა.
“თუ ხელისუფლება არ ცნობს ოპოზიციის გამარჯვებას არჩევნებში, ჩვენ [ბურჯანაძე-დემოკრატები] უარს ვიტყვით პარლამენტში შესვლაზე. ხოლო თუ ხელისუფლება ცნობს ოპოზიციის გამარჯვებას, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ახალი თავჯდომარის საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ “სივილ ჯორჯიას”.