ახალი ამბები

ცსკო-ის თავჯდომარე: განმეორებითი არჩევნები არარეალურია

(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა 12 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არარეალურია”.

“იმედი მაქვს, ოპოზიციის ლიდერებიც ასევე ფიქრობენ, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების მიზეზი არ არსებობს”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა. 

ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ან განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, ან აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ოფიციალური შედეგებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო ბლოკი არჩევნებში ლიდერობს ხმების 20,9%-ით, მას მოყვება აღორძინების კავშირი ხმების 18,3%-ით.

ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია – 17,4%. მას მოყვებიან ლეიბორსტული პარტია (11,7%), ბურჯანაძე-დემოკრატები (8,9%), ახალი მემარჯვენეები (6,9%). პარლამენტში მხოლოდ ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ.

Back to top button