ახალი ამბები

პრეზიდენტის და ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა არ შედგა

(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც 12 ნოემბერისთვის იყო ნავარაუდევი, არ შედგა.

“შესაძლოა, ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთთან, ან მოთხოვნები ვერ ჩამოაყალიბეს. დღეს ოპოზიციასთან შეხვედრის მესამე მცდელობაა. მინდა მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩვენ დიალოგის მომხრე ვართ. თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია გარკვეული კომპრომისი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ შემოთავაზებული ვარიანტები”, – განაცხადა 12 ნოემბერს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისთვის კანცელარიაში ასევე მიწვეული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი. ედუარდ შევარდნაძის თქმით, შეხვედრაზე ნანა დევდარიანის მოწვევა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჟვანიას მოთხოვნა იყო. ნანა დევდარიანის თქმით, კომისია მისი კომპეტენციის ფარგლებში მზად არის განიხილოს ყველა არსებული პრობლემა, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში სიტუაციის განეიტრალება.

კანცელარიაში იმყოფებოდა ასევე “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააცნო. (ხმების პარალელური დათვლის შედეგად არჩევნებში პირევლი ადგილი ნაციონალურ მოძრაობას უკავია. ხმების პარალელური დათვლა სამართლიანი არჩევნების ინიციატივით ჩატარდა).

თავად ოპოზიციის ლიდერები მზადყოფნას გამოთქვენმდნენ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისთვის, თუმცა არა სახელმწიფო კანცელარიაში.

11 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა ჰქონდა სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესათან.

“ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო გზები აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში. ხელისუფლებას აწუხებს არა არჩევნებში მოპოვებული ხმები, არამედ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხი. ჩვენ მზად ვართ დაილოგისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ ჯორბენაძემ.

ოპოზიციის ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს 10 ნოემბერს კრწანისის რეზიდენციაში შეხვდნენ, თუმცა ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

Back to top button