
ვახტანგ რჩეულიშვილი კომპრომისზე თანახმაა
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოციალისტური პარტიის ლიდერმა, სახელისუფლებო ბლოკის წევრმა ვახტანგ რჩეულიშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა ცნოს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.
“ეს ერთადერთი გზა იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად”, – განუცხადა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ საჩივარი უნდა შეიტანოს სასამართლოში იმ საუბნო კომისიების წინააღმდეგ, სადაც ყველაზე მეტი დარღვევა მოხდა.
“დარწმუნებული ვარ, სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს ნაციონალური მოძრაობის საჩივრის თაობაზე და გააუქმებს არჩევნების შედეგებს, მაგალითად ქვემო ქართლის რამდენიმე უბანზე. სახელისუფლებო ბლოკმა არ უნდა გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა ნაციონალურ მოძრაობას მისცეს საშუალება პირველი ადგილი მოიპოვოს არჩევნებში”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
რჩეულიშვილის ვარაუდით, არც აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე იქნება წინააღმდეგი კომპრომისზე წასვლისა.
ცსკო-ს მონაცემებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს ხმების 20,5%-ით, მას მოყვება აღორძინების კავშირი ხმების 18,7%-ით. ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია (18%).