
ახალი ამბები
სააკაშვილი ჯორბენაძეს შეხვდა
(თბილისი, 12 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს შუამავლობით 11 ნოემბერს გვიან ღამით იგი სახელმწიფო მინისტრს, სახელისუფლებო ბლოკის ლიდერს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა.
“მე კიდევ ერთხელ მოვთხოვე ჯორბენაძეს და ხელისუფლებას აღიარონ ოპოზიციის გამარჯვება არჩევნებში”, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ ასევე ვითხოვთ იმ პირთა დასჯას, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებაზე”, – დასძინა მან.
არსებული ინფორმაციით, დღეს იგეგმება ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას შეხვედრა შევარდნაძესთან კრიზისის დაძლევის გზების განხილვის მიზნით. თუმცა, “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკის წევრებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.