
ასლან აბაშიძე ერევანში რობერტ ქოჩარიანს შეხვდა
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე დღეს საღამოს სომხეთში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს შეხვდა. სომხური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქოჩარიანისა და აბაშიძის შეხვედრაზე საქარველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია და აჭარაში მცხოვრები სომხური დისაპორის საკითხები განიხილეს. დღეს სომხეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა ასევე საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, და მათაც ასევე საქართველოში არჩევნების შემდგომი სიტუაცია განიხილეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხელ სააკაშვილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ერევანში ასლან აბაშიძის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აპირებს აბაშიძის, სომხეთის და რუსეთის დახმარებით შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას, ოპოზიცია ამას არ დაუშვებს. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ არც სომხეთის და რუსეთის ხელისუფლება, და არც საქართველოში მცხოვრები სომხები არ აჰყვებიან საქართველოს ხელისუფლების გეგმებს და არ გაილაშქრებენ ოპოზიციური ძალებისა და საპროტესტო აქციაში მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სომხეთში ასევე იმყოფება ამჟამად რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, რომელმაც რუსული საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად გამორიცხა საქართველოში მიმდინარე მოვლენებში საქართველოში განლაგებული რუსული ჯარების გამოყენების შესაძლებლობა.
10 ნოემბერს კი პრეზიდენტი შევარდნაძე ბატუმში იმყოფებოდა, სადაც აჭარის ლიდერისგან სრული მხარდაჭერა მიიღო თბილისში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილენიც ხელისუფლების მიერ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების აღიარებასა და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ.