
ხმების პარალელური დათვლის შედეგები უბნების მიხედვით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნდება
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები არ აპირებს 2 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას საარჩევნო უბნების მიხედვით მანამ, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგებს.
“ჩვენ გვაქვს საბაბი ვარაუდისთვის, რომ ჩვენს მიერ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ჩვენს მიერ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემთხვევაში ზოგიერთ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეიძლება სცადონ ოფიციალური შედეგების ჩვენს მონაცემებზე რამენაირად მორგება, ამიტომ ჩვენი მონაცემები გამოქვეყნდება მხოლოდ ცსკო-ს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ”, – განაცხადა ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ორგანიზაციის 3000-მდე დამკვირვებელი აწარმოებდა საარჩევნო პროცესის მონიტორინგს, რომლებმაც ასევე მოახდინეს საარჩევნო კომისიების წევრთა პარალელურად ამომრჩეველთა ხმების დათვლა.
როგორც ცსკო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, იმის გამო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით 300-მდე საჩივარია განსახილველი, და აქედან ზოგიერთი მთლიანად საარჩევნო უბნების ან ოლქების წინააღმდეგაა შეტანილი, საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნდება. არჩევნების შედეგები, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ჩატარების დღიდან 18 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს.
ხმების პარალელური დათვლის შედეგებში მხოლოდ იმ უბნების მონაცემები შევიდა, სადაც სამართლიანად, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული ნორმების დაცვით ჩატარდა არჩევნები.