ახალი ამბები

აღორძინება, ლეიბორისტული პარტია და მრეწველები “რუსთავი 2”-ს სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებენ

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული პარტიის, “მრეწველთა” და “აღორძინების” ლიდერებმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი-2” ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულეს და მოსახლეობას ტელეკომპანიის ბოიკოტისკენ მოუწოდეს.   

“რუსთავი-2″ ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებას ისახავს მიზნად. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან აგიტაციას კომპანიის წინააღმდეგ და მოსახლეობას მოვუწოდებთ ტელეკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადონ”, – განაცხადა “აღორძინების” თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტნე ბაკურიამ 10 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ “ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს, “რუსთავი-2”-ის მიერ ჩატარებული “ეგზით პოლების” შედეგია”.

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად სახელისუფლებო ბლოკი და “აღორძინება” ლიდერობენ, მაშინ როცა “ეგზით პოლებისა” და ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, უპირატესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს.
 
“რუსთავი-2” უკვე დიდი ხანია ხელისუფლების კრიტიკის ობიექტია. 2001 წელს ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიაში სამართალდამცავთა დიდი ჯგუფის შეგზავნას თითქოსდა ფინანსური საქმიანობის შემოქმების მიზნით მასობრივი საპროტესტო აქციები და მთავრობის გადადგომა მოჰყვა.

Back to top button