
სააკაშვილი შევარდნაძესთან მოლაპარაკებებს ტოვებს
(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძესთან ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.
“ჩვენ მას მოვახსენეთ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები და მან (შევარდნაძემ) გვითხრა, რომ მას არაფერი ესაქმება არჩევნების გაყალბებასთან, არაფერი ესაქმება ამომრჩეველთა სიების გაყალბებასთან, ისევე როგორც ზუგდიდში მომხდარ ამბებთან. იგი პასუხისმგებლობას იხსნის ყველაფრისგან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებებიდან გამოსვლის შემდეგ.
“მე გავაფრთხილე პრეზიდენტი რომ მას ქვეყანა მიყჰავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ,” – განაცხადა მან.
“იგი (შევარდნაძე) უარს ამბობს ყოველგვარ დათმობაზე. მან ხმამაღალ ტონში მითხრა, რომ მას ჩემთან საუბარი არ სურს”, – დასძინა მას.
“მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს გააგრძელოს საპროტესტო აქციები ამ გახრწნილი რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა და “არჩევნები მისთვის თურმე მესამეხარისხოვანი საქმე ყოფილა.”
“მე ვითხოვდი, რომ მას ეღიარებიანა, რომ ხელისუფლებამ წააგო არჩევნები, მან კი გვიპასუხა შევქმნათ კომისია, რომელშიც ერთის მხრივ შევლენ რჩეულიშვილი, ხაზარაძე და მისთანები. ამით პრეზიდენტს კიდევ ერთხელ უნდა ხალხი მოატყუოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ათიოდე წუთის შემდეგ რაც მოლაპარაკებები დატოვა სააკაშვილმა, შეხვედრიდან ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანიაც გამოვიდნენ.