ახალი ამბები

შევარდნაძე სააკაშვილს საშიშ პიროვნებას უწოდებს

(თბილისი, 9 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საშიშ პიროვნებას უწოდებს და აცხადებს, რომ არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება.

“ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა, ეს არის ჩემი საბოლოო დასკვნა. მართალია, რაც ხდება ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული. ალბათ არის ბევრი სხვა უკმაყოფილო, მაგრამ არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში დაუშავთ ავანტიურიზმი და სამოქალაქო დაპირისპირება”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. იგი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად იყო პარლამენტის შენობის წინ და შეძლო საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და ზოგიერთ ორგანიზატორთან შეხვედრა.

“კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი სინდისი ახლა სუფთაა. იმის გამო, რომ რაც სათქმელი იყო, მე ვუთხარი. როგორიც არ უნდა იყოს მოთხოვნა – გადაგექი, დაისაჯე, მე მაინც ვალდებული ვიყავი მივსულიყავი და მათთვის მომესმინა. მე მოვიპატიჟე ისინი ჩემთან, მაგრამ არ მოვიდნენ”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი თქმით, იგი აპირებს რეგიონებში წასვლას და ადგილობრივ ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ედუარდ შევარდნაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან დღეს დილით მივიდა, სადაც მას დახვდნენ შეძახიელბით – “წადი! გადადექი!”

Back to top button