
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში საქართველოს პრეზიდენტს და შს მინისტრს ადანაშაულებს
(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც მოძრაობის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს და სროლა ატეხეს, შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს და საქართველოს პრესიდენტს ედუარდ შეავრდნაძეს აკისრებს პასუხისმგებლობას.
“პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის ადგილობრივი პოლიცია, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა მოსახლეობას. ეს არის პირდაპირ ნარჩემაშვილის და შევარდნაძის პასუხისმგებლობა, პირდაპირ ვადანაშაულებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ინციდენტის პროვიცირებაში. ესენი არავითარი ტყიდან გამოსული “შემოურიგებლები” არ იყვნენ, ყველა ზუგდიდელმა კარგად იცის ვინც არიან ისინი, ისინი პოლიციის მიერ არიან დაქირავებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლაც ზუგდიდში იმყოფება და ზუგდიდის პოლიციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი პროვოკაციები მოსახლეობის წინააღმდეგ. “ხალხს რისთვის ესვრიან, თუ სროლა უნდათ, ჩვენ გვესროლონ, მე მაგათ ტყვიებს არ შევუშინდები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ბონდო ჯიქია აცხადებს, რაც დღეს ზუგდიდში მოხდა, ეს პროვოცირებულია იმ ძალების მიერ, რომლებსაც სამეგრელოში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ, თუმცა, ჯიქიას არ დაუკონკრეტებია რა ძალები ჰაყვდა მხედველობაში.
ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა საპროტესტო აქცია დღეისთვის გუშინ დაიგეგმა. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ აღიაროს არჩევნებში ნაციონალების გამარჯვება და არჩევნების ობიექტური შედეგები გამოაქვეყნოს.