skip to content
ახალი ამბები

აჭარაში დაფიქსირებულ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია საპროტესტო აქციებით პასუხობს

6 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარიდან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიიღო, რომლის მიხედვითაც ავტონომიურ რესპუბლიკაში 284 ათასი ამომრჩევლიდან 269 ათასმა ხმა “დემოკრატიული აღორძინების” კავშირს მისცა, რაც სულ აჭარის ხმების 95% შეადგენს. დანარჩენი ხმები კი ძირითადად სახელისუფლებო ბლოკზე, მრეწველებსა და ახალ მემარჯვენეებზე გადანაწილდა.

შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში პირველ და მეორე ადგილებს ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” და “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” იყოფენ, რაც ოპოზიციის პროტესტს იწვევს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგების გაყალბებას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების მისაკუთრების მცდელობად აფასებს. აქედან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი მასიური აქციების მოწყობას იწყებს, როგორც თბილისში ისე საქართველოს მთელ რიგ რაიონებსა და ქალაქებში. 
 
“საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა არამარტო არ აღიარებს მოქალაქეების არჩევანს არამედ ხელისუფლება და აჭარის ფეოდალური დანაშაულებრივი რეჟიმი ერთობლივი მცდელობით დაფიქსირდა შედეგი, რომლის მიხედვით პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ “აღორძინების კავშირი” შევარდნაძის ბლოკი” – განაცხადა 6 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, 7 ნოემბერს უკვე დაგეგმილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ზუგდიდში, ფოთში ზესტაფონში, გორსა და თელავში, ხოლო თუ ამ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და ხელისუფლებამ ოპოზიციის, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში გამარჯვება არ აღიარა, 8 ნოემბერს თბილისში გაიმართება აქცია შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. 7 ნოემბერს ოპოზიციის აქტივისტებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს პროკლამაციების გავრცელება, რომელიც მოსახლეობას 8 ნოემბერს 3 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აჭარასა და ქვემო ქართლში დაფიქსირებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ “Bურჯანაძე-დემოკრატები”. როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები განსაკუთრებული დარღვევებით სწორედ ამ რეგიონებში ჩატარდა. 

“ამ სიტუაციაში პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს საქმე შევარდნაძის მხრიდან  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. გვაქვს საქმე ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვასთან და ხელისუფლების მისაკუთრებასთან. იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ მშვიდობიან სტაბილურ ქვეყანაში, საჭიროა, რომ ქართული საზოგადოება დაირაზმოს და მშვიდობიანი ფორმით არ დაუშვას სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების მითვისება შევარდნაძის და აბაშიძის მიერ” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილმა.
 
მაშინ როდესაც, მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებდა, თბილისში “დემოკრატიული აღორძინების კავშირის” აქტივისტები გამარჯვებას ზეიმობდნენ. დღეს კი დაგეგმილია “აღორძინების” მანიფესტაცია რუსთაველის გამზირზე.

“ეს იქნება როგორც გამარჯვების ავღნიშნე, ასევე პროტესტი იმ მოვლენებისადმი, რომელიც თბილისში ამ უკანასკნელ დღეებში ვითარდებოდა და რომლებიც ქვეყანას დესტაბილიზაციამდე მიიყვანს,” განაცხადა 7 ნოემბერს “აღორძინების” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ბაკურიამ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” მიერ თბილისში ორგანიზებულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს გულისხმობდა.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button