
პრეზიდენტის პრესსამსახური აშშ-ის ელჩის განცხადების არასწორ ციტირებას ახდენს
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ “საქართველოს რესპუბლიკასა” და “სვობოდნაია გრუზიას” 6 ნოემბრის გამოშვებაში გამოქვეყნებული პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაცია 5 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძისა და აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის შეხვედრის შესახებ შეიცავს რამოდენიმე უზუსტობას.
აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩს არ განუცხადებია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო უნდა გახდეს მთელი რეგიონისთვის. “მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია”, – აღნიშნულია პრესრელიზში.
როგორც ელჩმა ბრიფინგზე განაცხადა, “საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი შეკრებისა და თავიანთი უკმაყოფილების გამოთქმის უფლება”. საელჩო თვლის, რომ ძალადობისგან თავის შეკავება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.