
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები ნანა დევდარიანს პრინციპულობისკენ მოუწოდებენ
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უცსხოეთში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს ცსკო-ს თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს არ ცნოს არჩევნების შედეგები იმ რეგიონებში სადაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივი დარღვევებით ჩატარდა.
“ჩვენ, უცსხოეთსში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ახალგაზრდები ვინც თავს საქართველოს მოქალაქეებად ვთვლით და ჩვენი სამშობლოს მომავალი გვაღელვებს მოგმართავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენ არა ვართ არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი. ჩვენ გვამოძრავებს სურვილი იმისა რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ცივილური საზოგადოება და აშენდეს სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეთა თავისუფლებას, თანაბარუფლებიანობასა და კეთილდღეობას დაიცავს. ჩვენ ღრმად გვწამს რომ 2 ნოემბრის არჩევნებს შეეძლო, და ჯერ კიდევ შეუძლია შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ქართული პოლიტიკური რეალობის თანამედროვეობასთან დაახლოვებაში” – ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მაშინ როდესაც ცალკეული რეგიონებიდან შემოსული ხმები 90% უპირატესობას ანიჭებს ერთ პოლიტიკურ ძალას, ამ ხმების ანგარიშში მიღება არის არა დემოკრატიის მხარდაჭერა არამედ მისი ყველაზე ფუნდამენტალური საფუძვლებისათვის ძირის გამოთხრა. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ამ რეგიონებსში არ მომხდარიყოს ხმების მასიურად გაყალბება, არსებული შედეგი იმისი მანიშნებელია რომ იქ თავისუფალი არჩევნები არ შემდგარა” – აცხადებენ სტუდენტები განცხადებაში.
სტუდნეტები იმედოვნებენ, რომ ცსკო-ს თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს გააჩნია შესაძლებლობა, რომ შეასრულოს გადამწყვეტი როლი ამ მომენტში. “მოგმართავთ, რომ დაიკავოთ პრინციპული პოზიცია და არ მოერიდოთ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას” – მიმართავენ სტუდენტები ცსკო-ს თავმჯდომარეს. განცხადებას ხელს უცხოეთში მყოფი 30-მდე სტუდენტი აწერს.