
ედპ-ის ლიდერი ოპოზიციას შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” და ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატებს” სამართლიანი არჩევნების შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების მოწყობის გამო შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას მიმართავს არ აჰყვეს ამ შანტაჟს და დაამყაროს წესრიგი.
“ამ შემთხვევაში მივმართავ ხელისუფლებას, თუ წავა დათმობაზე სამოქალაქო დაპირისპირებას თავიდან ვერ ავიცილებთ. ახლა თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ოპოზიციის მხრიდან შანტაჟი მომავალშიც გაგრძელდება. შესაბამისი ორგანოებისგან ვითხოვ მათი მოვალეობის შესრულებას და წესრიგის დამყარებას”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სასტუმრო “მარიოტში” ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის პროტესტი სამართლიანი არჩევნების შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნით უსაფუძვლოა, რადგან 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულად ჩატარდა.