
სააკაშვილი აჭარაში და ქვემო ქართლში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.
“მე ცეტრალურ საარჩევნო კომისიას [ცსკო] და ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, რათა არ ცნონ ქვემო ქართლში და აჭარაში არჩევნების შედეგები, რადგან დარღვევების უდიდესი რაოდენობა სწორედ ამ რეგიონებში დაფიქსირდა”, – განუცხადა სააკაშვილმა 5 ნოემბერს ცსკო-ს წინ შეკრებილ 6 ათასამდე ადამიანს.
საერთაშორისო, მათ შორის ეუთო-ს, დამკვირვებლებმა, დაგმეს საარჩევნო პროცესში მომხდარი დარღვევები, განსაკუთრებით აჭარასა და ქვემო ქართლში, სადაც დამკვირვებლები არ შეუშვეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად.
მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 7 ნოემბერს ცსკო-ს წინ 3 საათზე შეიკრიბონ. ხმების თითქმის ორი-მესამედის დათვლის შედეგად, ცსკო-მ 5 ნოემბერს გამოაცხადა, რომ სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს 24,7%-ით, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 22% მოიპოვა.
ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატების საარჩევნო ბლოკი ცსკო-სგან “სამართლიანი არჩევნების” მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების აღიარებას მოითხოვენ. ამ შედეგების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 26,6% მოიპოვა.
აჭარიდან არჩევნების შედეგების წარდგენის ბოლო ვადა 6 ნოემბერს 6 საათზე იწურება. აჭარიდან მიღებული შედეგები, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 280000-მდე ამომრჩეველი ცხოვრობს, გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დასადგენად.