
ოპოზიცია აჭარისა და ქვემო ქართლის შედეგების გაუქმებას მოითხოვს
ოპოზიციური გაერთიანებების – ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეორე მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით და ცსკო-ს შენობის წინ გამართული ერთსაათიანი საპროტესტო აქცია, კიდევ ერთი ულტიმატუმით დასრულდა, რომელიც, ძირითადად, ცსკო-ს წინააღმდეგ იყო მიმართული. ოპოზიცია კომისიას ერთი დღის ვადას აძლევს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი, საბოლოო შედეგების აღიარებისთვის.
“ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლებას ჩვენ ვუყენებთ ულტიმატუმს, რომ არ იქნას მიღებული აჭარისა და ქვემო ქართლის არჩევნების შედეგები, რადგან იქ მოხდა ყველაზე დიდი გაყალბება”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, რომელთა შორის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც იყვნენ, მოუწოდა დროებით დაშლილიყვნენ, სანამ კომისია საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებდა.
“ჩვენ კომისიას ვაძლევთ ერთი დღის ვადას, რათა, შეძლოს სამართლიანი არჩევნების შედეგების გაცნობა ათიათასობით ადამიანისთვის, რომლებიც აქ, რუსთაველის გამზირზე და ასევე რაიონებში იმყოფებიან, ხოლო მათი დიდი სურვილის მიუხედავად თბილისში ჩამოსვლას გზების ბლოკირების გამო ვერ ახერხებენ. ისინი საკუთარი არჩევანის შედეგის აღიარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, 7 ნოემბრიდან უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიწყება, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს და ეს იქნება პროტესტის მშვიდობიანი ფორმა.
“ჩვენ გვესაჭიროება ერთი დღე იმისთვის, რომ შევძლოთ მობილიზება და მომავალი სამოქმედო გეგმის დასახვა, გარწმუნებთ და ყველას გასაგონად ვაცხადებ, ეს იქნებ მშვიდობიანი აქცია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ შეკრებამდე დღის მეორე ნახევარში ხალხი მობილიზებული იყო თავისუფლების მოედანზე, სადაც თბილისის მერიის შენობიდან მათ ოპოზიციის ლიდერები მიმართავდნენ. თუმცა, მათ შორის არ იყო ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ჯერ კიდევ დილით ფილარმონიაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, რომ ქუთაისში საკუთარ ამომრჩეველთან შესახვედრად მიემგზავრებოდა, სადაც მისი მხარდამჭერები ასევე საპროტესტო აქციას მართავდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ.
ქუთაისში ჩასულ ნინო ბურჯანაძეს კი ადგილობრივი მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად გამარჯვებას ულოცავდა. ამ გამარჯვების შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დილით, ფილარმონიაში შეკრებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შეიტყვეს.
“დღესაც კი ხელისუფლება ცდილობდა შედეგები შეეცვალა, მაგრამ თქვენი აქტიურობით ეს ქუთაისში შეუძლებელი გახდა. ჩვენ შევძლებთ ჩვენი დანაპირების აღსრულებას. დავუბრუნებთ ქალაქს ღირსებას და ხალხს კეთილდღეობას”, – განუცხადა 5 ნოემბერს ქუთაისში ნინო ბურჯანაძემ საკუთარ ამომრჩევლებს.
მიხეილ სააკაშვილი კი ფილარმონიაში შეკრების შემდეგ რუსთავში გაემგზავრა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. რუსთავის მოსახლეობაც, ანალოგიურად, ხელისუფლებისგან სამართლიანი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას მოითხოვდა.
მსგავსი აქციები საქართველოს უმრავლეს რაიონებში იმართებოდა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბლოკირებული იყო რაიონებიდან თბილისისკენ მომავალი გზები, რათა მოსახლეობა ორგანიზებულად თბილისისკენ არ წამოსულიყო.
ასევე თბილისში დილიდანვე მობილიზებული იყო სამართალდამცავი ორგანოების და სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც, ძირითადად, სახელმწიფო კანცელარიის ტერიტორიას იცავდნენ. პოლიციის კორდონები განთავსებული იყო ასევე რესპუბლიკის მოედანზე და ცკსო-ს შენობის წინ.
“ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. გვითხრეს, რომ უნდა ვიდგეთ ფარებით და ხელკეტებით და დავიცვათ სახელმწიფო კანცელარია. ჩვენ ძალის გამოყენებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა შინაგანი ჯარების სარდალმა გიორგი შერვაშიძემ.
“აქ შეკრებილია პატიოსანი, პატრიოტი ქართველი ხალხი, რომლებიც მხოლოდ ერთს, რაც აქამდე შერჩა – საკუთარი არჩევანის დაცვას მოითხოვს სამართლიანი, მშვიდობიანი გზით, რათა ეს ბოლო უფლება – ხმის უფლებაც არ დაკარგოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ცსკო-ს შენობის წინ. მობილიზებული სამართალდამცავი სტრუქტურების რაზმები აქციის დაშლის შემდეგ ქალაქის ცენტრიდან გაიყვანეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი მიტინგის მსვლელობის პარალელურად ბრიფინგს მართავდა არჩევნების შედეგების შესახებ. ცსკო-ს მეთაურმა მიტინგის ინიციატორების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
“ისინი თუ მოელიან, რომ რაც გამოქვეყნდა, იმ შედეგებს შევცვლი და ზოგიერთი უბნის მონაცემებს არ გავითვალისწინებ, ეს შეუძლებელია. რა ვქნა, რომ მათ ეს არ მოსწონთ, მეც არ მომწონდა, როცა წინა წლებში არჩევნებში მონაწილეობის დროს ორჯერ წამაგებინეს. არჩევნების მონაცემების გამოქვეყნებას ბევრი პროცედურა სჭირდება”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ არ არის შემოსული არჩევნების შედეგები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ქვემო ქართლიდან. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ქმედებაც სწორედ ცსკო-ს საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული. 6 ნოემბერს იწურება საბოლოო ვადა, როცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცსკო-ს თავიანთი საბოლოო მონაცემები უნდა მიაწოდონ.
თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”